რუსთავის მერიამ უხუცეს რუსთაველ მხატვარს, გიორგი ჩალაძეს ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოუწყო

რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.

,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა თბილისის საკრებულოს მასპინძლობისთვის და რაც მთავარია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩალაძეს, იმ ღვაწლისთვის და იმ შთამბეჭდავი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში რუსთავში ეწეოდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიებას, პარლამენტის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი შატაკიშვილი, ირაკლი ზარქუა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქისა და რუსთავის საკრებულოს წევრები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ბატონი გიორგის ნამუშევრების გამოფენას, ის არის მართლაც საამაყო და დიდი ხელოვანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი ქალაქის – რუსთავის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ ასეთი ხელოვანებისა და ადამიანების მასპინძლები ვიყოთ“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

92 წლის უხუცესი ხელოვანი, რუსთავის სამხატვრო სკოლის და მხატვართა გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელია. განათლების მიღება პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო, შემდგომ, კი სწავლა სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების განხრით გააგრძელა. ფერწერაში მუშაობა მოგვიანებით გადაწყვიტა.

ქანდაკების გავლენა მის ფერწერას სრულიად განსხვავებულ, ინდივიდუალურ სტილს ანიჭებს. სპეციალისტების აზრით, გიორგი ჩალაძის ნამუშევრები, ქანდაკებისა და ფერწერის ურთიერთშერწყმაა და მთლიანობაში ფორმის, მოცულობის და ფერის განსაკუთრებულ სინთეზს წარმოადგენს.

გიორგი ჩალაძის შემოქმედება არაერთ კატალოგშია შესული, მათ შორის ერთ-ერთია გერმანული ენციკლოპედია „ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი“.  ხელოვანს  პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში.

 

 

წინა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა