რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გელა წიკლაურთან ერთად, მერიის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა.
2022 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 98 საჯარო მოხელემ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები გაიარა.
,,მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმები და ამ რეფორმების მთავარი მიზანია ძლიერი საჯარო მოხელის შექმნა, ხელშეწყობა თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გუნდში მუშაობს. წლის განმავლობაში მერიის 100-მდე თანამშრომელმა გაიარა პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსი. მათგან, რაც ყველაზე მთავარია, 43 წამყვან პოზიციაზე გადავიდა და ეს ადამიანები, ახალი შესაძლებლობით მოემსახურებიან თავის ქალაქს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,,საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან“ რუსთავის მერია სამი წელია, რაც თანამშრომლობს. 2022 წელს, კორპორაციული, ინდივიდუალური და სპეციალური ტრენინგ-კურსების გავლის შემდეგ, რუსთავის მერიაში 43 საჯარო მოხელე წამყვან პოზიციაზე დაწინაურდა.
,,რუსთავის მერიის თანამშრომლები ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან, რამეთუ აქტიურად არიან ჩართული ტრენინგ-კურსებში. ჩვენ, სწორედ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე ვახორციელებთ სპეციალურ ტრენინგ-კურსებს. მე პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს იმ შრომისთვის, რასაც ისინი ეწევიან რუსთავისა და რუსთაველებისთვის, ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა, მათი მოტივაცია და აქტიური ჩართულობა ტრენინგებში. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას, რომ თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევენ“, – განაცხადა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გელა წიკლაურმა.
,,საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ გავლილი ტრენინგ-კურსები შემდეგ მიმართულებებს მოიცავდა: სამშენებლო დავები, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივი საფუძვლები, მენეჯერული უნარები, პროგრამული ბიუჯეტირება, პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება, პიროვნული განვითარება, ლიდერობა და გუნდის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია.