რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს“, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი მეუღლესთან ერთად ესტუმრა

რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს’’, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი მეუღლესთან და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

,,კესანეში“ გამართულ შეხვედრას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები კახა გურული და ოთარ ტატალაშვილი, ცენტრ ,,კესანეს” დირექტორი ეკა ნოზაძე დაესწრნენ.

,,საქართველოს და ჯორჯიის შტატს შორის თანამშრომლობა, უკვე მრავალ ათეულ წელს ითვლის. დღეს, რუსთავში ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს ჯორჯიის გუბერნატორი პირველ ლედისთან ერთად ეწვია. ჯორჯიის შტატის დახმარება მნიშვნელოვანია ბავშვთა აბილიტაცია რეაბილიტაციის სერვისების განვითარებისთვის, აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის, ასევე მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა სამომავლოდაც გაძლიერდება და ყველა სხვა პარტნიორთან ერთად ხელს შეუწყობს რუსთავში ამ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია, აბილიტაციის ხარისხიანი სერვისების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მუნიციპალური დახმარების როლიც, რადგან სერვისების ნაწილი მუნიციპალური წყაროდან ფინანსდება, რაც კიდევ უფრო აფართოებს ხელმისაწვდომობას და მეტი ბავშვისთვის ხდის შესაძლებელს, მიიღონ მაღალი ხარისხის დახმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტუმრებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია იმ მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომლითაც ცენტრის ბენეფიციარები სარგებლობენ.

,,ჯორჯის შტატის გუბერნატორი და პირველი ლედი სტუმრობდა ქალაქს, მათ დაათვალიერეს ამერიკული მხარის მიერ მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადმოცემული ეს არაჩვეულებრივი ცენტრი, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ემსახურება. სტუმრებს გავაცანით ჩვენი ხედვები და სამომავლო მიზნები, რაც ამ ცენტრთან დაკავშირებით გვაქვს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ყოველწლიურად აუმჯობესებს იმ სერვისებს რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ“, – განაცხადა კახა გურულმა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამა, რუსთავის მერიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაზარდა.პროგრამაში შეტანილი ბოლო ცვლილების თანახმად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, რუსთავის მერია უკვე 19 საათიან თერაპიას უფინანსებს.

„კესანეს“ ბაზაზე, თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობა, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გასულ წელს აშენდა.

 

წინა ქ. რუსთავში შპს „არესემ კორპის“ ფეროშენადნობების (სილიკომანგანუმი) წარმოების ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე (აირმტვერდამჭერი სისტემის მოწყობა) სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“