რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,ბაზალტ ფაიბერსში“ დანერგილ ინოვაციურ საწარმოო ციკლს გაეცნო.
ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა საწარმო, ქალაქის მერმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, მერის პირველ მოადგილე კახა გურულთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმღვანელთან ერთად დაათვალიერა.
ქართული სამშენებლო მასალების კლასტერისა და ევროპის ბიზნესასოციაციის წევრმა, ,,ბაზალტ ფაიბერსმა“ გერმანიის ტექნოლოგიურ სტარტაპ Fibrecoat-თან თანამშრომლობით, ინოვაციური პროდუქტის – ალუმინით დაფარული ბაზალტის ძაფის წარმოება გასული წლის სექტემბერში დაიწყო.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში საწარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ისეთ ტექნოლოგიებზე გადასვლა და დანერგვა მოხდეს, რომელიც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. ადგილზე გავეცანით ,,ბაზალტ ფაიბერსის“ საწარმოო პროცესს, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა. საწარმოში 80-მდე ჩვენი თანამოქალაქეა დასაქმებული. უახლოეს პერიოდში აპირებენ საწარმოო პროცესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც თავისთავად ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
წარმოებაში ახლადდანერგილი გერმანული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ,,ბაზალტ ფაიბერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ მიაწოდა.
„ჩვენი კომპანია საქართველოში 20 წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან გადმოვიტანეთ ახალი ტექნოლოგიები და სამშენებლო სექტორისთვის ახალი საარმირე მასალები შევქმენით, რომელსაც ვაწარმოებთ, პროდუქცია იყიდება როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, ასევე საზღვარგარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საწარმო მაღალტემპერატურულ ტექნოლოგიებში, CO2-ს ყველაზე დაბალი ემისიებით გამოირჩევა და უნარჩენოა. ყველა პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია“, – განაცხადა ,,ბაზალტ ფაიბერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ.
„ბაზალტ ფაიბერსი“ საქართველოს სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს.
ქარხანა CO2-ის ყველაზე დაბალი ემისიით გამოირჩევა მაღალტემპერატურულ ტექნოლოგიებში და უნარჩენოა.
საწარმოში 80 რუსთაველია დასაქმებული.