რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 -ე წლისთავი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 32-ე წლისთავი, გვიან ღამით დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა.
საქართველოს დროშის ფერებში განათებულ 9 აპრილის მემორიალთან, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ახალგაზრდებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად მივიდნენ.
მემორიალი მათ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას.
სიმბოლურად ტიტებით იყო მორთული რუსთავის დამოუკიდებლობის ხეივანიც.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.
1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.