რუსთავში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ტერიტორიის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

რუსთავში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცურტაველის სახელობის მოედნიდან ცენტრალურ პარკამდე არსებული ტერიტორიის განახლებას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვაფენილის ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე ზონები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები და ახალი სანიაღვრე ქსელი.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავის მერიამ მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მიიღებს სრულიად განახლებულ იერსახეს და მოსახლეობისათვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტით გათვალისწინებულია 96 მეტრი სიგრძის საყრდენი კედლის და მწვანე დასასვენებელი სივრცეების მოწყობაც, სადაც თეთრი ქვის მაგიდები და სკამები განთავსდება. დაირგვება 1426 ძირი ბუჩქოვანი ხე- მცენარე, დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემა, მოეწყობა დეკორატიული სანათებიც.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია, კიდევ უფრო უსაფრთხო და ვიზუალურად სრულად განახლებული იქნება.

პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 787 438 ლარია.

წინა 17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღეს აღნიშნავენ