რუსთავში ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური შენობა შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა შენდება.

პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განსაკუთრებული პროექტია რუსთავისთვის. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ეს პროექტი მისცემს ათასობით რუსთაველ ახალგაზრდას ახალ შესაძლებლობას, მიიღოს არაფორმალური განათლება და არსებული უნარები სხვადასხვა მიმართულებით განავითარონ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ახალი სასახლის შინაარსობრივ კონცეფციაზე, რუსთავის მერიის სერვისების და რეფორმების ჯგუფი მუშაობს. ტრადიციულ სასწავლო დისციპლინებს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველ სასახლეში ისწავლებოდა, ახალი მიმართულებები დაემატება და რუსთაველ ახალგაზრდებს, მათ ინტერესებზე მორგებული, კიდევ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი ექნებათ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მოეწყობა მეტალპლასტმასის ფანჯრები და ვიტრაჟები, სასმელი წყლის, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი, ჩატარდება შიდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. შენობის ფასადზე დამონტაჟდება დეკორატიული განათება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წინა 26 მაისს, რუსთავში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება