ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავში ღია საგამოფენო სივრცეში ,,Art ბაზარი“ მოეწყო

რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ახალ  საგამოფენო სივრცეში ”Art ბაზარი“ მოეწყო.

ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შვილებთან ერთად დაესწრო.

,,დღევანდელი ”Art ბაზარი“, რომელიც ძალიან კარგ, ახლადრეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო, იყო ახალგაზრდების მოთხოვნა. მათი სურვილი იყო, რომ მცირე მეწარმეებს უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და ასევე შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები შაბათ-კვირას განიტვირთებოდნენ კარგი მუსიკის ფონზე და დღეს, მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდა მცირე მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, მოგვიანებით, კი ცოცხალი მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მუსიკალური ჯგუფები: ”Strange Brew”, ”PAPANUSI“ და ”Early Break” მონაწილეობდნენ.

,,რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით, ღია საგამოფენო სივრცეში მოეწყო ,, Art ბაზარი“, ასევე, ახალგაზრდა რუსთაველი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა ცოცხალი მუსიკის საღამო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები რეგულარულ სახეს მიიღებს, გაზაფხულის ყოველ შაბათ-კვირას ახალგაზრდებს სასიამოვნო გარემოში გართობისა და დასვენების, ახალგაზრდა მცირე მეწარმეებს კი საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ“, – განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

მისივე განცხადებით, ღონისძიების მიზანი, ახალგაზრდა დამწყები რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა.

 

წინა 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი ,,რუსთავის თასი 2023” ჩატარდება