რუსთავში ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავში ვიწყებთ კიდევ სამი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს. 1 805 000 ლარის ღირებულების პროექტი სამივე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საავტომობილო გზის, ტროტუარებისა და დამატებითი მწვანე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე, რამდენიმე საჯარო სკოლაა განთავსებული და პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოების კუთხითაც.“-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები, გარე განათების ქსელი, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა.

როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ ტაბაღუამ განაცხადა, ქალაქის შიდა უბნების რეაბილიტაციას აქტიურად ითხოვს მოსახლეობა. გარდა ამისა, სამივე ქუჩა, სადაც ამ პროექტის მიხედვით, გზების და ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული, ძველ რუსთავში მდებარეობს და ეს კიდევ ერთი ეტაპია ძველი რუსთავის ისტორიული უბნების რესტავრაციის პროცესში.

პროექტი გარდამავალია და 2023 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

 

წინა ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი ჩატარდება