რუსთავში, ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
წელს, ,,რუსთავქალაქობა”-2024 განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით- ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით” ხვდება. სწორედ, ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსიც, სადაც არაერთი სიურპრიზი ელოდებათ რუსთაველებს.
სახალხო დღესასწაული სამ სვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვთა გასართობი და სპორტული აქტივობები ჩატარდება. პარკის ტერიტორიაზე მისულ ბავშვებს სპორტული აქტივობები, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა, ილუზიონისტისა და საპნის ბუშტების შოუ ელოდებათ. მოეწყობა საბავშვო-შემეცნებითი კუთხეც. ამფითეატრში, კი ანიმაციების ჩვენება და საბავშვო მუსიკალური წარმოდგება გაიმართება.
11:00 საათიდან რუსთავის იპოდრომზე, სამრეწველო და კულინარიული ფესტივალი დაიწყება. იპოდრომის ტერიტორიაზე რუსთაველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება და კულინარიული ფესტივალიც ჩატარდება.
20:00 საათიდან, კი კოსტავას გამზირზე, გალა-კონცერტი დაიწყება. რუსთავის ცენტრალურ გამზირზე ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან არსებულ მოედანზე, ორი სცენაა მოწყობილი.
გალა-კონცერტზე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც თანამედროვე რუსთავის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობას გადაუხდიან რუსთაველებს, რომლებიც რუსთავის დღევანდელობას ქმნიან.
ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მუსიკალურად კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით გააფორმებს.
სხვა მრავალ სიურპრიზთან ერთად, დღესასწაულის სტუმრები, რუსთავზე შექმნილი ახალი სიმღერების პრემიერასაც დაესწრებიან.
რუსთავზე შექმნილ სიმღერებს, ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები” და ჯგუფი ‘’REGGAEON”-ი შეასრულებენ.
საღამო ჯგუფ ,,REGGAEON”-ის კონცერტით დასრულდება.