ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავში სამი ცენტრალური მოედნისა და შესასვლელის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელისა და სამი მოედნის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელება დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს დილიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიაზე გზის ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

სამუშაოების მიმდინარეობა,  რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,გრძელდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს რუსთავის შემოსასვლელისა და სამი მოედნის განვითარებას. მთავარია, რომ ამ პერიმეტრზე სრულად შევცვალეთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. ,,რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა 600 მმ-იანი მილსადენი, რაც საკმაოდ დიდი მოცულობის მაგისტრალია. დღეს გადაიკეტა რუსთაველის მოედანი, ახლა ვიწყებთ სამუშაოებს, რაც მიწისზედა ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით ჩვენს მოსახლეობას. ყველა აქტიურად ვართ ჩართული იმისთვის, რომ სამუშაოები რაც შეიძლება ხარისხიანად შესრულდეს და დროულად დასრულდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის თანახმად, ქალაქის შემოსასვლელში, თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებზე მოეწყობა მწვანე კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურებითა და გარე განათების სისტემებით. ოთხივე ლოკაციაზე დაირგვება 1700 -მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, იცვლება სასმელი წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. დენდროლოგიური ზონების სარწყავი სისტემის ტექნიკური წყლით მომარაგება, მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება.

,,რუსთავში დაიწყო ბოლო ეტაპი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, რომელიც გულისხმობს რუსთაველის, შარტავასა და თამარ მეფის მოედნების რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ეკოლოგიურ კომპონენტსაც მოიცავს, ამ ტერიტორიებზე სრულიდ განახლდება დენდროლოგიური ნაწილი. პროექტი ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც რუსთავის შემოსასვლელის, ჟიული შარტავას, თამარ მეფის და რუსთაველის სახელობის მოედნების სრული რეკონსტრუქცია ხორციელდება, გარდამავალია და მისი ღირებულება 5 114 696 ლარია.

 

წინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა