რუსთავის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და რუსთავის მერიის ორგანიზებით ALL STAR 2026 გაიმართა.
ALL STAR-ის მატჩში, ერთმანეთს ტრადიციულად, ლეგიონერებისგან და ადგილობრივი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. ეროვნული სუპერლიგის ვარსკვლავებს, სპორტის სასახლესთან შეკრებილი რუსთაველი გულშემატკივრები ოვაციებით და წითელი ხალიჩით დახვდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავში სპორტს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. დღეს ნამდვილი სპორტული ზეიმი გვქონდა. რუსთავში მსგავსი მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა, კი სწორედ ახალი სპორტის სასახლის გახსნის შემდეგ მოგვეცა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აშენდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ALL STAR 2026-ის გამარჯვებული ლეგიონერთა გუნდი ანგარიშით 134:148 გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რუსთაველების სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.
მატჩის MVP მაირინ ტომასი დასახელდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა. სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულს, დიჯეი დევისს და ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულს, ლუკა ხარაბაძეს, კი პრიზები საქართველოს ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობიაშვილმა გადასცა. All Star-ის მედალი გადაეცა ყველა მოთამაშეს.
ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
