ნინო ლაცაბიძე – ნიჩბოსნობას რუსთავში ძალიან დიდი ისტორია აქვს და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ

რუსთავის კულტურის და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე 1 და 2 ოქტომბერს, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა, საქართველოს შვიდი ქალაქიდან მიიღო.

ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რუსთაველმა ალექსანდრე წივწივაძემ სანახაობრივი გაცურვით გახსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, სპორტსმენები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნიჩბოსნობის ხელშესაწყობად მოეწყო რუსთავში. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ნიჩბოსნობას რუსთავში აქვს ძალიან დიდი ისტორია და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით და სიგელებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ, მერის მოადგილეებმა ბესიკ ტოგონიძემ და ოთარ ტატალაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ ბერუაშილმა, ააიპ ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” დირექტორმა დავით შანიძემ და ცენტრის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა დააჯილდოეს.

წინა რუსთავქალაქობას გავერთიანდით ყველა თაობის წარმომადგენელი და ერთად აღვნიშნეთ სიყვარული ჩვენი ქალაქისადმი – ნინო ლაცაბიძე