გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის და სს ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ ორგანიზებით, ლომოურის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა.
ეკო ოაქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, სს ,,რუსთავის აზოტი – ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
,,გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავშიც აღვნიშნეთ. რუსთავის მერიის გუნდი, მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, შევუერთდით ეკო აქციას, რომელიც ჩვენი ქალაქის გამწვანებას ემსახურება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ,,აზოტის“ საწარმოს, რომელსაც დღეს ,,ინდორამა ჯგუფი“ ხელმძღვანელობს, ჩართულობისთვის და იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რასაც რუსთავის მიმართ იჩენენ. მე გამიხარდება თუ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთვება, რათა ყველამ ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
აქციის ფარგლებში, ლომოურის ქუჩაზე 100-ზე მეტი არიზონას კიპარისისა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეების ნერგები დაირგო.
,,სს ,,რუსთავის აზოტი – ინდორამა“ ძალიან კეთილშობილურ პროექტს ახორციელებს. ლომოურის ქუჩაზე, დღეს ყველამ ერთად დავრგეთ ხე-მცენარეები. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიკეთო საქმე ქალაქ რუსთავის გამწვანებისა და გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით, ამიტომ მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც ვგეგმავთ“, – განაცხადა სს ,,რუსთავის აზოტი – ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ.
5 ივნისი, გარემოს დაცვის დღედ 1972 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.