რუსთავის მერიამ 25 მილიონი ლარით გაზრდილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, დღეს ქალაქის საკრებულოში წარადგინა.
2024 წლის საწყისი ბიუჯეტის პროექტი 112 753 324 ლარით განისაზღვრა. საკრებულოში შეტანამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და პრიორიტეტები ახალგაზრდებს გააცნო.
ქალაქის მერმა, ახალ პროგრამებზე და პროექტებზე პრეზენტაცია მედიათეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ,,რუსთავის ახალი განვითარების ტემპი 2024 წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება, ამ ოპტიმიზმის საფუძველს, მთავრობის მხარდაჭერა და მერიის გუნდის შექმნილი ბიუჯეტი გვაძლევს, რომელიც 25 მილიონი ლარით იზრდება. თითოეული ლარი გადანაწილებულია იმ მთავარ პრიორიტეტებზე და მოთხოვნებზე, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო წამოსული. ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები რუსთაველებთან, დღესაც ახალგაზრდებს შევხვდით და მათთან ერთად ვიმსჯელეთ იმ მთავარ ახალ პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მათ განათლებას, ასევე ეკონომიკურ გაძლიერებას. ძალიან ოპტიმისტურად ვიწყებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის მონდომებით, ეს საწყისი ბიუჯეტი კიდევ არაერთხელ გაიზრდება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის მიხედვით, 2024 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტი, ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, შიდა საუბნო ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობასა და მუნიციპალური სერვისების რეფორმების გაგრძელებაზე გააკეთებს მთავარ აქცენტს. ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების თითქმის ყველა სფეროში. საკრებულოში შეტანამდე, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები, რუსთავის მერიის გუნდმა მოსახლეობასთან ერთად დააზუსტა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700- ზე მეტ წარმომადგენელთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან, ბიუჯეტი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გასულ დღეებში განიხილა.