ნინო ლაცაბიძე – ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ ისტორია არის ის, რაზეც უნდა დავაშენოთ ჩვენი მომავალი და ქალაქის ახალი განვითარება

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 14  ქანდაკებიდან ერთ-ერთი სკულპტურა, ქალაქის ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური ხიდის დასაწყისში, ღია საგამოფენო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. ქანდაკება, სახელწოდებით – ,,ცეკვა ქართან ერთად”, ბულგარელი სკულპტორის – ზდრავკო ზდრავკოვის ნამუშევარია.

ქანდაკების მონტაჟის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

,,წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის ძალიან ლამაზი და კარგი ტრადიცია – მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი აღვადგინეთ. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა 14 უნიკალური ქანდაკება და მათგან ერთ-ერთი, რომელიც უცხოელ მოქანდაკეს ეკუთვნის, დღეს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ახლადრეაბილიტირებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განვათავსეთ. ეს ქანდაკება ძალიან შეესაბამება ამ ადგილს, რადგან როგორც თავად ავტორმა გვითხრა, ის განასახიერებს ძველის და ახლის გაერთიანებას. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ ისტორია არის ის, რაზეც უნდა დავაშენოთ ჩვენი მომავალი და ქალაქის ახალი  განვითარება. ძველის და ახლის  ჰარმონია, რაზეც თავად  მოქანდაკე საუბრობდა,  ვფიქრობ,  სწორედ ეს გვაძლევს უფრო მეტ ძალას ქალაქის წინსვლის და განვითარებისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სკულპტურა, რომელიც  ორი სილუეტის სინთეზს ქმნის,  ძველი და ახალი რუსთავის ერთიანობას განასახიერებს. ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდთან, კი მისი განთავსება, განსხვავებული არქიტექტურული სტილის არეალის ერთიანობას სიმბოლურად გამოხატავს.

,,ჩვენს ქალაქში, ივლისში ჩატარდა მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მოქანდაკეებმა რუსთავში შექმნეს საკუთარი ხელოვნების ნიმუშები და ერთ-ერთი სკულპტურა, დღეს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ტერიტორიაზე განთავსდა. თითოეულ ადამიანს ხელოვნების ნიმუშის საკუთარი აღქმა აქვს და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი სინთეზია ძველის და ახლის. სიმბოლურია, რომ ეს ნამუშევარი, სწორედ  ძველი და ახალი რუსთავის გზაგასაყარზე განთავსდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

ქანდაკების ავტორი, ბულგარელი სკულპტორი, ხელოვნების მაგისტრია და მას 30-ზე მეტ სიმპოზიუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა. ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90 იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, წელს, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და რუსთავს 14 საინტერესო სკულპტურა დაუტოვა.

ქანდაკებები ქალაქის ქუჩებში განთავსდება. ბულგარელი სკულპტორის ,,ცეკვა ქართან ერთად”,  რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024- ის ფარგლებში შექმნილი პირველი სკულპტურაა, რომელმაც კუთვნილი ადგილი ქალაქში, უკვე დაიკავა.

 

წინა ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის პროექტი მოსახლეობას გააცნეს