ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საქმეთა კომიტეტმა რუსთავში სამუშაო შეხვედრა გამართა

რუსთავში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) სამართლებრივ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის მიზანი, საკანონმდებლო პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურად ჩართვა და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვაა.

,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საქმეთა კომიტეტი დაფუძნდა, რომლის მიზანიცაა, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტების ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითმმართველობების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პროექტები და სამართლებრივი აქტები, რომელთაც უშუალო გავლენა და სამართლებრივი შედეგები ექნება მუნიციპალიტეტებზე, გადმოიგზავნება ათეა-ს სამართლებრივ საქმეთა კომიტეტში, რათა მათი სახელით წარვადგინოთ ცენტრალური ხელისუფლების უწყებებში და საქართველოს პარლამენტში, სადაც უშუალოდ მუშავდება. აღნიშნული კომიტეტის ფუნქცია იქნება თავად დაანიციროს ეს ცვლილებები ”, – განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ.

ათეა-ს ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სასახლის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას, ასოციაციის, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები პარლამენტარები ვლადიმერ ბოჟაძე და ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთისა და მცხეთა -მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ასევე მერის მოადგილეებმა.

,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, დღეს რუსთავში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩვენ, კოლეგებთან ერთად ვიმსჯელეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც თვითმმართველობებში საკანონმდებლო კუთხით უნდა განხორციელდეს. ამ ცვლილებების მიზანია, იმ სიახლეების დანერგვა და რეფორმების განხორციელება, რომელიც მუნიციპალიტეტების ფუნქციონირებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე.

კომიტეტი, ხელისუფლების ორგანოების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა-შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი ათესა და საქართველოს პარლამენტს შორის.

,,ათეასა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, დღეს რუსთავში შევიკრიბეთ პარლამენტისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები. ის საკითხები, რომელიც თვითმმართველობებს აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს და რა თქმა უნდა, პარლამენტი მზად არის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ თვითმმართველობებს ჰქონდეთ შესაბამისი რესურსი და შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა პარლამენტარმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და იმ კანონქვემდებარე აქტებზე ისაუბრეს, რომლებიც თვითმმართველობის განვითარებას და დეცენტრალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

 

 

წინა რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს