ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის ცენტრალურ პარკში 26 აპრილს გაიხსნება

რუსთავში 26 აპრილს, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება.

ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და წელს, მასში, მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის 3 000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს.

ფესტივალის საზეიმო გახსნა, ხვალ გაიმართება, საკონკურსო ნაწილი კი 27 აპრილიდან დაიწყება. კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა.

,,რუსთავის ფესტივალი ,,ქართული”, წელს საქართველოს მასშტაბით უმასპინძლებს ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და მასში უკვე 3 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ჩვენ 2024 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით დავაფუძნეთ. გვსურს, რომ განვითარდნენ და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გადასცენ ჩვენი ტრადიციებისა და ფოლკლორის სიყვარული. 26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ჩვენს უნიკალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში ყველას გიწვევთ ყველაზე ქართულ დღეებზე”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი საფესტივალო სივრცე 14:00 საათზე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ჩატარდება კალიგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები, მოეწყობა კულინარიული კუთხეები.

ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო“ და „კახაბერი და ხანუმები“ მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 5 მაისს გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურება. კონკურს-ფესტივალი ქართული”, რუსთავის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.

 

 

წინა 26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიმართება