რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ანსამბლ ,,სალხინოსა” და ,,კახაბერის და ხანუმების” ორსაათიანი კონცერტით გაიხსნა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილმა საფესტივალო სივრცემ და გრანდიოზულმა საკონცერტო შოუმ, გუშინ 15 000 ადამიანს უმასპინძლა.
რუსთავის მერიის ინიციატივით, ფესტივალის ფარგლებში, კონცერტის დასასრულს, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ ,,სალხინოს” ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ,,სალხინოს” ხელმძღვანელი, ანსამბლის წევრები და ქორეოგრაფები ესწრებოდნენ.
,,ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ფესტივალი ღირსეულად გავხსენით “სალხინოს” , ასევე “კახაბერის და ხანუმების”კონცერტით. ეს დღე თითოეული რუსთაველისთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან დღევანდელი დღე დასრულდა “სალხინოს” ვარსკვლავის გახსნით. დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში ფესტივალის საზეიმო გახსნაზე თავი მოიყარა 15 ათასმა რუსთაველმა, იყო საზეიმო განწყობა და რაც მთავარია, იყო ყველაზე ქართული ემოციები”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალი, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 26 ანსამბლი და 3000 ახალგაზრდა მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.