ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ვაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია და ამ დროისთვის ასფალტის საფარი იგება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავში ვაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. მოდებაძის ქუჩაზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია, საკმაოდ მასშტაბური პროექტი ხორციელდება და ჯამში 32 000 კვადრატული მეტრი ფართობის მოწესრიგება ხდება. დაიგო საფეხმავლო ბილიკები, რომელიც აქამდე არ არსებობდა, დამონტაჟდა გარეგანათება, გაკეთდა ველობილიკები, ტერიტორია გამწვანდება. რაც ყველაზე მთავარია, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გაჩერებები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია 32 000 კვადრატული მეტრია, საავტომობილო გზა კი 21 000 კვადრატულ მეტრზე განახლდება. გზის ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ასფალტის სამფენიანი საფარი ეწყობა.

პროექტის თანახმად, მოდებაძის ქუჩაზე ტროტუარების, ველობილიკების, მწვანე არეალების, სარწყავი და სანიაღვრე ქსელის, ახალი გარე განათების სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. დამონტაჟდა გარე განათების 70 ახალი ბოძი და 6 ლოკაციაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები გაკეთდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობისას სრულად მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და მიწისქვეშა კომუნიკაციები. კომპანია ,,ჯი-ვი-პი”- მ წყალსადენისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, 100-მეტრიან მონაკვეთზე შეიცვალა წყალსადენის ქსელი. ამასთანავე მიწისქვეშა და გარე კომუნიკაციები შეცვალა ,,ენერგოპრო ჯორჯიამ” და ,,სოკარ-ჯორჯია გაზმა”.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 6 101 101 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე: ანსამბლი „რუსთავი” კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში