რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რომელიც 4 ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისეინებს. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე, გზის საფარის რეაბილიტაცია 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოხდება.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„რუსთავის მერიის გუნდი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება და თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მოთხოვნა იყო, რომ ამ ქუჩებზე რაც შეიძლება სწრაფად დაგვეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს, როგორც საფეხმავლო ბილიკების მოწყობასა და გარე განათების სისტემის დამატებას, ასევე იმ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, რომელიც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ვმუშაობთ კომპანია GWP-თან ერთად და ვცდილობთ, რომ პროექტი ვადებში და ხარისხიანად დავასრულოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ უბნებში ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. ოთხივე ქუჩაზე დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მოსაცდელი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 834 439 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
