რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომა გამართა, რომელზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
,,რუსთავის წყალმომარაგება და წყალარინების საკითხები, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. კომპანია GWP-ის მხრიდან, რუსთავის წყალმომარაგების საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, ჩვენ რეაგირება ყოველთვის გვექნება. სემეკის დღევანდელ სხდომაზე ის დარღვევები განიხილეს, რომელიც კომპანიის მხრიდანაა. სემეკმა მათ მთელი რიგი რეკომენდაციები მისცა, რომლის შესრულების შემდეგ, რუსთავი ამ კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა ჩვენს ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ იქნას დაძლეული”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
კომისიის სხდომაზე, სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალური მოკვლევის შედეგები წარადგინეს და კომპანიისგან განმარტებები მოისმინეს.
კერძოდ, საუბარი შეეხო რუსთავში წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტის მიზეზებს, ასევე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” სემეკის მიერ დამტკიცებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
,,რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, სემეკმა ქალაქის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების მიზეზების დადგენის მიზნით, კომპანია ჯი-ვი-პისთან მიმართებაში მყისიერად დაიწყო მოკვლევა. დღეს ჩატარდა სხდომა, სადაც წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტის მიზეზები დეტალურად იქნა განხილული.”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს, GWP-ის მიმართ, კი დღეს გაიცემა კონკრეტული დავალებები.
,,დღევანდელ სხდომაზე დეტალურად გავიარეთ რუსთავის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სათავე ნაგებობების ელექტრონულ ქსელებში არსებული პრობლემები, რომლის მოსაგვარებლადაც კომპანიას კომისიისგან განესაზღვრა კონკრეტული ვადები. მომდევნო კვირას ასევე მოვისმენთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ შეფერხებებზე ინფორმაციას და იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ეს შეფერხებები. კომპანიას დაევალა, რომ ამ პროექტების განხორციელებას უფრო მეტი ტემპით მიხედოს. მომდევნო კვირის სხდომაზე ჩვენ დავასრულებთ საკითხის განხილვას, გავცემთ კონკრეტულ დავალებებს, ასევე GWP დასანქცირდება მის სისტემაში და ქსელში ტექნიკური ნორმებისა და წესების დარღვევების გამო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსთავის მერიამ, სემეკს საკითხის შესწავლის თხოვნით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიმართა. კომისიამ უკვე გამოვლენილი დარღვევების შესახებ დღეს იმსჯელა, საბოლოო გადაწყვეტილება, კი 11 სექტემბრის საჯარო სხდომაზე გამოცხადდება.