საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.
2025 წლის ბოლომდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში, რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარედ, ოთხი 10- სართულიანი, 800 ბინაზე გათვლილი ახალი კორპუსი შენდება.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი ადგილზე გაეცნენ. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 80 971 596 ლარია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები დევნილ ოჯახებს დასრულებული რემონტით გადაეცემათ.
პროექტის თანახმად, 13 000 დევნილი ოჯახიდან 7000-ზე მეტი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000-მდე ოჯახი კი ,,სოფლად სახლის’’ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში – რუსთავში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს.