რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან” დაიწყო

რუსთავის მედიათეკამ, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის – ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ ფარგლებში, მედიათეკის სივრცემ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ზურა მხეიძეს უმასპინძლა.

ზურა მხეიძესთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
,,პირველ რიგში მისასალმებელია ის, რომ რუსთავში შეიქმნა სივრცე, სადაც აუდიტორიას თავისუფლად შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო თემების მოსმენა. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი სივრცეები, სადაც აზრის გამოთქმა შესაძლებელია იმ თემაზე, რაც თავად აუდიტორიას სჭირდება და არა ვიღაცის მხრიდან თავზე მოხვეული თემატიკაა, დეფიციტურია. რუსთავის მედიათეკაში სასიამოვნო გარემოა, ახალგაზრდები რაც მეტ ცოდნას მიიღებენ და მეტ ინტერესს დაიკმაყოფილებენ, მით კარგია, რადგან ადამიანის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა ზურა მხეიძემ.

მედიათეკის ახალი პროექტის მიზანია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა.

,,რუსთავის მედიათეკამ დღეს დაიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან ახალგაზრდების შეხვედრებსა და დისკუსიებს. პირველი შეხვედრა ჩატარდა ცნობილ ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან, საუბრის თემა იყო “თვითმოტივაცია“. მომავალში ვაპირებთ შეხვედრების ამ ციკლის გაგრძელებას და ვეცდებით, რომ თითოეული მედიათეკელის ინტერესი გავითვალისწინოთ“ – განაცხადა მედიათეკის პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის მიერ მედიათეკის კონცეფცია, ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და ახალი თანამედროვე შენობა აშენდა. მედიათეკა წევრებს სთავაზობს თანამედროვე და კომფორტულ გარემოს, მუდმივად განახლებად წიგნთა ფონდს, მრავალფეროვან დარგობრივ ლიტერატურას, როგორც ქართულ ისე უცხოურ ენებზე, ელექტრონულ რესურსებზე წვდომას, სხვადასხვა თემატურ კლუბებს, პროექტებსა და აქტივობებს.

 

 

წინა რუსთავში, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა