რუსთავის მერის ინიციატივით, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსმა“ კომპანია ,,რუსთავის წყალთან“ ერთად, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა უკვე შეისწავლეს 27 კორპუსში არსებული მდგომარეობა.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად, დღეს მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
,,ავარიული კორპუსები, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. წლის განმავლობაში ვგეგმავთ კიდევ 4 მილიონი ლარის ღირებულების დამატებითი პროექტები განვახორციელოთ და ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვხსნათ, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიების გატარება. ჩვენ კომპანია ,,რუსთავის წყალთან“ ერთად, დავიწყეთ კორპუსის სარდაფების სისტემური შემოწმება, სადაც სწორედ გაუმართავი წყლის სისტემებია ავარიულობის მიზეზი. უახლოეს პერიოდში გვექნება სრული სურათი და შევძლებთ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ამ გამოწვევების დაძლევა მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პრობლემების გამოვლენის შემდეგ, შენობების შიდა სივრცეებში მწყობრიდან გამოსული წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას ,,რუსთავის კორპუსი“, ხოლო გარე პერიმეტრზე, კომპანია ,,რუსთავის წყალი“ ეტაპობრივად განახორციელებს.
,,რუსთავის მერია რუსთავისა და რუსთაველებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაშიც აქტიურად ჩაერთო ,,რუსთავის წყალი“. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ქალაქის მასშტაბით არსებულ კორპუსებში, ასევ ეზოს ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის, ასევე წყალარინების ქსელის მდგომარეობის შესწავლას. მოხდება სრული ანალიზი, რის შემდეგაც დაისახება გეგმა თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს რუსთავის მუნიციპალიტეტმა და ,,რუსთავის წყალმა“, იმისთვის რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არსებულ კორპუსებში დროულად ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.
რუსთავის მასშტაბით საცხოვრებელ კორპუსებსა და ეზოებში წყალარინების სისტემების კომპლექსური მონიტორინგის მიზანია, მოსახლეობასთან ერთად, დროულად მოხდეს კორპუსებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა.