რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო.
პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნო.
,,რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი განტვირთავს ცენტრალურ ქუჩას. აქ მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ფეხით მოსიარულეებისათვის ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო იქნება. დაემატება მწვანე სივრცეები, განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, კომპანია GWP-იმ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, 500 მეტრი სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი განაახლა, ამავე ქსელზე, მოეწყო 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 6 საკვანძო ჭა.
პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რუსთავის მერია, კიდევ ორ ლოკაციაზე გეგმავს. აფხაზეთის და მომდებარე ქუჩების რექბილიტაცია, მნიშვნელოვნად განტვირთავს რუსთავის ცენტრალურ გზას. პროექტი, ცენტრალური და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.