რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, კიდევ 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება.
პროექტი, რუსთავის მერმა მოსახლეობას წლის დასაწყისში, ქალაქის ახალი განვითარების გეგმასთან ერთად წარუდგინა. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი, დღეისთვის, ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსისა” და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო.
,,რუსთავში, 2022-2023 წლებში, ლიფტების მოვლა-პატრონობაზე და ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე , ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, დაახლოებით 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პრემიერ- მინისტრის თანადგომით, წელს კიდევ 100 ახალი ლიფტის პროგრამას ვახორციელებთ და ვაგრძელებთ ძველი ლიფტების ახალი, უსაფრთხო და თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლების პროცესს. ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები ახლაც რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და უფასო ლიფტების პროგრამის განხორციელება, რუსთავის მერიამ გასულ წელს დაიწყო.
2022 წლის განმავლობაში, რუსთავის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სახელმწიფო პროგრამის -,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში, 126 ახალი ლიფტი დამონტაჟდა. 2023 წლის ბოლომდე, კი ძველი ლიფტი ახლით, კიდევ 100 მისამართზე შეიცვლება.
2022 – 2023 წლებში, ახალი ლიფტების შეძენა-მონტაჟისა და მოვლა-პატრონობისთვის, რუსთავისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.