,,ჩაისუნთქე ისტორია“ იყო წელს Oxygen Fest-ის მთავარი სლოგანი. ჩვენ გვინდა, რომ რუსთავის უძველესი ისტორიის შესახებ, კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ,,ოქსიგენი“ კი თავად მოწმობს იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საფესტივალო სივრცე დაუთმოს არაერთ ცნობილ ჯგუფსა და შემსრულებელს. ფესტივალი წელს გამორჩეული და შარშანდელთან შედარებით, უფრო მასშტაბური იყო, დაემატა ,,კინო დღეები“,, ჩატარდა Fishing Fest-ი და კულმინაცია იყო მუსიკალური დღეები. მე ვფიქრობ, რომ ,,ოქსიგენი“ შედგა და ერთ-ერთი წარმატებული მუსიკალური წელი გვქონდა. ეს უკვე ტრადიციაა და ამ ტრადიციას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
Oxygen Fest-ის მუსიკალურ დღეებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შემსრულებლები და ჯგუფები: REGGAEON, ,,ჩვენებურები“, ,,შერეკილები“, KILEMA MADAGASCAR, GAGA-FRAN, ,,თამადა“, Process, Micro bax, Berika, Guri, de sal, Sumo, DIASAMIDZE, MURO, DESPAN ,,ზარები“, PAPANUS, STRANGE BREW, JADMAN, GEOBIT PRODUCTION PROCESS, ,,უსახელოური“ და ზურა ყარალაშვილი მონაწილეობდნენ.
ფესტივალის დამფუძნებლის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, ,,ოქსიგენი“ წელს შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული იყო.
,,ფესტივალი თევზაობის დღეებით დაიწყო, კინოჩვენებით გაგრძელდა, იყო ელექტრონული მუსიკა, ,,გაგა – ფრანის“ ვინილის პრეზენტაცია, წელს 15 წელი შეგვისრულდა და REGGAEON-ს გვქონდა საიუბილეო კონცერტი, გვყავდა სპეციალური სტუმარი მადაგასკარიდან. ფესტივალი წელს საკმაოდ მასშტაბური იყო და მინდა ვთქვა, რომ მის შინაარსზე მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა Oxygen Fest-ის დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ.