რუსთავში Oxygen Fest-ი ტარდება. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა. რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილი საფესტივალო სივრცე, ორი დღის განმავლობაში თევზჭერის მოყვარულებს მასპინძლობდა.
4, 5 და 6 ივლისს კინომოყვარულებს დაეთმობა, გაიმართება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმების ჩვენება. ფესტივალის მთავარი მუსიკალური ნაწილი კი რომლის სლოგანიცაა „ჩაისუნთქე ისტორია“ 7, 8 და 9 ივლისს შედგება.
Oxygen Fest- ის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ Oxygen Fishing Fest-ს უკვე მეორედ მასპინძლობს. რუსთავის ცენტრალური პარკის ტბაზე, ტურნირები სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერაში გაიმართა. Oxygen Fishing Fest-ის პირველ დღე მოყვარულ მეთევზეებს დაეთმო, მეორე დღეს კი სპორტულ თევზჭერას, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად, მოყვარულებიც იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის ყველა მონაწილეს, იმ მაღალი კულტურისა და ცოდნის გამოვლენისთვის, რასაც რეგისტრაციის გავლა და წესების დაცვა ჰქვია. ქალაქში გვაქვს უნიკალური ტბა და ფაქტობრივად ყველა ერთად მივხვდით თუ რა დიდი სიმდიდრის პატრონები ვართ. მადლობა თევზჭერის ფედერაციას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული Oxygen Fishing Fest-ში“, – განაცხადა „ოქსიგენის“ დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ
Oxygen Fishing Fest-ში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის ტურნირის დაწყებამდე სემინარი სპორტული, სპინინგითა და ტივტივით თევზჭერის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
„საქართველოში სხვადასხვა მეთოდით თევზაობის კლუბები და ფედერაციებია. ამ ფესტივალში ყველა ერთად როგორც მოყვარულები, ასევ სპორტსმენები ვიყავით ჩართული. ძალიან საინტერესო ტბა არის რუსთავის პარკში და იმედი გვაქვს, რომ ფედერაციასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს სპორტული თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენელმა თამუნა მეზურნიშვილმა.
Oxygen Fishing Fest-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა და პარკის, ასევე სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია, სპორტით დაინტერესებული მეთევზეების ერთმანეთთან დაახლოება და გამოცდილების გაზიარებაა.
ფესტივალი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.