რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთავში, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლო დღესასწაულის პირველი სიურპრიზი, ქალაქის ისტორიას უკავშირდება და შობა-ახალი წლის ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უფლისწული იყო, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე აანთო.

დღესასწაულზე მისულ რუსთაველებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა უმასპინძლეს.

,,დღეს რუსთავის მთავარ მოედანზე გვაქვს ძალიან კარგი საზეიმო განწყობა, ავანთეთ ნაძვის ხე, რომელსაც ელოდებოდა მთელი რუსთავი. მინდა მადლობა ვუთხრა მერიის გუნდს და თითოეულ თანამშრომელს, ის განწყობა, რომელიც დღეს არის ამ ადამიანების დაუღალავი შრომის დამსახურებაა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბიზნესს, რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენი ფინანსებით ვერ შევძლებდით ქალაქში მსგავსი საახალწლო განწყობის შექმნას. ძალიან გახარებული ვარ ამდენ ბედნიერ სახეს, რომ ვხედავ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პირველი წინასაახალწლო ღონისძიება, ნაძვის ხის საზეიმო ანთების შემდეგ, ფოიერვერკითა და ანსამბლ ,,თუთარჩელას“ კონცერტით დასრულდა.
2023 წლის მთავარი ფერი, რუსთავის საახალწლო სოფელში ოქროსფერია. ოქროსფერი ნაძვის ხის გარშემო მოწყობილ საახალწლო სოფელში სიურპრიზებით სავსე დღესასწაული, 10 დეკემბრიდან, 6 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს რუსთაველებს.
რუსთავში საახალწლოდ, ილუმინაციებითა და გირლიანდებით არის მორთული კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას გამზირები, ცენტრალური ხიდი, თოდრიას ქუჩა, ჟიული შარტავას სახელობის, მშვიდობისა და ახალგაზრდობის პარკები, დეკორაციები დამონტაჟდა შიდა ეზოებში არსებულ ახალ სკვერებშიც.

 

წინა შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება