პროექტი კოსტავას გამზირის #1-დან #17-მდე და ფიროსმანის #3 და #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული შენობები გამაგრდება არმირებული ბადეებით და გაილესება, დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლისა და მტვრისგან დამცავი მაღალი ხარისხის საღებავით. შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები. რაც შეეხება ფერებს, გამოყენებული იქნება ღია ტონები, ისეთი, რომელიც არ ხუნდება და წვიმაც არ აზიანებს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება სანიაღვრე სისტემის შეცვლა, სადაც ჩაიდება გოფრირებული მილები მიმღები ჭებით. სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით; ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი; გაზონები შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება; მოეწყობა 4-სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები; გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.

პროექტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 5,5 მილონ ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტემდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს. ისტორიული ქუჩები და იშვიათი შენობების კომპლექსი პირვანდელ სახეს დაახლოებით ერთ წელიწადში დაიბრუნებს.

კოსტავას გამზირისა და ფიროსმანის ქუჩაზე არქიტექტურულად ღირებული შენობების განახლების ინიციატივა ქალაქის მერს დავით ჯიქიას ეკუთვნის

 

ნავიგაცია