ელექტრონული სერვისები

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინერგა და სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების ელექტრონული სერვისების ერთიანი სახელმწიფო პორტალის (MY.GOV.GE) საშუალებით გაცემა.მოქალაქეებს სამშენებლო ნებართვის მისაღებად შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და განაცხადი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად, MY.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის გზით წარადგინონ. მომხმარებელს შეუძლია MY.GOV.GE პორტალზე დარეგისტრირდეს როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).MY.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის საჭიროა მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა. დავიწყებული PIN კოდის აღსადგენად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ხოლო ID ბარათის პროგრამის ინსტალაციისთვის და ინსტრუქციებისთვის ეწვიონ ვებგვერდებს info.sda.gov.ge/ID და id.ge.

 

2018 წლიდან, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული განცხადება მერიის  ნაცვლად, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში შეიტანონ, ხოლო 2019 წლის იანვრიდან კი, ეს მომსახურება გაფართოვდა და რუსთაველებს შეუძლიათ,  ადმინისტრაციულ ერთულის ოფისს მიმართნ მედიკამენტებით დახმარების, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების, უფასო სასადილოებით მომსახურებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამებით სარგებლობისთვისაც.

უფასო სასადილოები

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და მათი დახმარების მიზნით, ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სასადილოების ქსელში, უფასო ერთჯერად კვებას სთავაზობს.  სულ ქალაქში ფუნქციონირებს 4 უფასო სასადილო, სადაც მოქალაქეებს უფასო კვება კვირაში შვიდი დღე, დღეში ერთჯერადად შეუძლიათ. საკვების რაციონი შეიცავს სხვადასხვა სახეობის კერძს. ადგილზე მომსახურების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე ორ და მეტ სულიან ოჯახებისთვის ცხელი კერძის ბინაზე გატანებას. უფასო სასადილოებში კვების პროგრამას რუსთავის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს, თუმცა, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახური მკაცრად აკონტროლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას და მუდმივ მონიტორინგს უწევს პროგრამის მიმდინარეობას.

მუნიციპალური მოხუცთა სახლი

რუსთავში, ფუნციონირებს  ა(ა)იპ „რუსთავის მოხუცებულთა სახლი“,  რომელიც ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში და მარტოხელა, სოციალურად დაუცველ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოხუცებს უფასო საცხოვრებელსა და კვებას სთავაზობს.  მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულები ასევე, უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო–სოციალური  მომსახურებით.

უფასო სკოლამდელი აღზრდა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ა(ა)იპ "რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანება", რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებას. ქალაქში სულ ოცდაერთი ბაგა–ბაღია, სადაც რუსთაველი ბავშვებისათვის  სააღმზრდელო პროცესი, კვება და სხვა მომსახურება უფასოა.

უფასო საარქივო მომსახურება

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში, ქალაქში ფუნციონირებს მუნიციპალური არქივი, სადაც დაცულია მუნიციპალური საარქივო ფონდი. რუსთავის მოქალაქეებისათვის არქივიდან დოკუმენტაციის მოძიების მომსახურება სრულიად უფასოა.

შშმ პირთა დახმარება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, რუსთავში ფუნციონირებს სპეციალური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას. მუნიციპალური სამსახური – ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის მომსახურებას სრულიად უფასოდ სთავაზობს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითვე ხორციელდება სოციალური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რუსთავში რეგისტრირებული აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დაფარვას.

მაწანწალა ძაღლების მოვლა–მონიტორინგი

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო, მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობას ქალაქის მუნიციპალური სამსახური - ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“ უზრუნველყოფს. სპეციალურად ამ მიზნით, სამსახურში შექმნილია მიუსაფარი ძაღლების დროებითი თავშესაფარი, რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით, უზრუნველყოფს მათზე ვეტერინარულ მონიტორინგს. სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვისათვის შექმნილია ლაბორატორია, შესაბამისი აღჭურვილობით (მიკროსკოპი, ცენტროფუგა, კოლბები, საოპერაციო მაგიდა, სტერილიზატორი, საოპერაციო-ქირურგიული ხელსაწყოები), ასევე, მოწყობილია ვოლიერები ცხოველთა დროებითი იზოლაციისათვის. სამსახური უზრუნველყოფს ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, ანტიბაქტერიულ ვაქცინაციას, ცხოველთა იდენტიფიკაციას, ცხოველთა დანომვრას სპეციალური საყურე ნიშნით, დაავადების შემთხვევაში კი ცხოველის ჰუმანური მეთოდებით ევთანაზიას. აღნიშნულ მომსახურებას სამსახური რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს.

უფასო ეპიდემიური ზედამხდველობა

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეპიდემიური ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებებს ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებით, ახორციელებს ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი". მომსახურება, რომელსაც ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს, ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებას – დერატიზაციას, მალარიისა და ცოფის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხროციელებას, შხამიანი ცხოველების (ძირითადად ქვეწარმავლების და მორიელების)  გაუვნებელყოფას, ეპიდემიების პრევენციის ზომებსა და სხვა . აღნიშნული მომსახურებები მოქალაქეებისთვის უფასოა.

შეღავათები 

ქალაქის ხელისუფლების ინიციტივით გათვალისწინებულია შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებისათვის. მათ შორის არიან: ვეტერანები, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები  გარკვეული სარეიტინგო ქულით, ასევე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა)იპ რუსთავის მუნიციპალიტეტის „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“, სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - „ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელის“, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“, ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“, ა(ა)იპ „რუსთავის მუნიციპალური თეატრის“, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრისა“ და სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ თანამშრომლები.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის წლიური ლიმიტირებული თანხით. შეღავათებია დაწესებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირთათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებისათვისაც. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველითა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. ლიმიტები განსხვავებულია სხვადასხვა კეტეგორიისთვის. შეღავათებით გათვალისწინებულ ხარჯებს რუსთავის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ანაზღაურებს.

ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა

ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, მედიკამენტებით დახმარების პროგრამაა. პროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი და პენსიონერი მოქალაქეები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. საჭირო მედიკამენეტების შეძენისთვის მერია მოქალაქეებს ფიქსირებული თანხით ეხმარება. ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცნო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით დაგეგმილი მომსახურება – მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, რაც, მოიცავს ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და ამბულატორიულ-სტაციონალური მკურნალობის, კარდიოქირურგიული მომსახურების, გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურების და თვალის დაავადების - კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის გარკვეული თანხებით დაფინანსებას, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მიერ. პროგრამის ფარგლებშივე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ დაფინანსება კომპიუტერულ გამოკვლევებზე, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებით.

რუსთავის მერია აფინანსებს C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევებსაც. პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია მომსახურების მიღების მსურველი ჩართული იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,c ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ დიაგნოსტიკის კომპონენტში. პროგრამით განსაზღვრული მომსახურება გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა c ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი.

ასევე, ხორციელდება  სპეციალური პროგრამა რუსთავში მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ჩართული არიან საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და აღრიცხვაზე არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში. ქალაქის მერია მათ ყოველთვიურ ფიქსირებული ოდენობის მატერიალურ დახმარებას უწევს .

 სხვაადსხვა სოციალური დახმარება

ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება სოციალურად დაუცველ იმ მრავალშვილიანს ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ფულადი დახმარება გაიცემა 18 წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარებაა გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, მათთან გათანაბრებულ პირებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებისთვის.

ამასთან, ქალაქის ხელისუფლება სადღესასწაულო სოციალური პროგრამის ფარგლებში, საჩუქრებს გადასცემს სხვადასხვა  კატეგორიის მოქალაქეებს 8 მარტთან, დედის დღესთან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები,„მუნიციპალური მოხუცთა სახლის“ ბენეფიციარები, .„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ ბენეფიციარები;  .ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები და 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახებიც.

სტუდენტთა წახალისება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებული სტუდენტებისთვის  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის ახორციელებს სოციალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მათ ყოველთვიურ  მატერიალურ დახმარებას და სემესტრულად სწავლის საფასურის დაფარვას  ლიმიტირებული თანხით. თუმცა, განსაზღვრულია სპეციალური კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ პროგრამით სარგებლობა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მხარდაჭერის" პროგარამა, რომელიც ითვალისწინებს თანადაფინანსებით ან ბიუჯეტიდან სრული დაფინანსებით, კორპუსებში არსებული კომუნალური თუ სხვა სახის პრომლემების  გადაწყვეტას მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. პროგრამას, მუნიციპალური  სამსახური - ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი", სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს.

ინიციატივების თანადაფინანსება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლისდან დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს  ადგილობრივი ახალგაზრდებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი, ქალაქის განვითარებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების თანადაფინანსებას.

ნავიგაცია