სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე:
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024;
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024;
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024;
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024.
პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ, აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში და მიღებული ცოდნა მოახმარონ საქართველოს.
განაცხადები ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge – ელექტრონულ ფორმატში, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით 1-ელი მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით მიიღება.
სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე: ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.
ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის iec@iec.gov.ge მეშვეობით.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას საქართველოში შესაბამის სფეროში.
უფრო ვრცელი ინფორმაცია თითოეული პროგრამის შესახებ იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.