რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსსა და კომპანიის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, GWP-ის წარმომადგენლებმა 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინეს და განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე განმარტებები გააკეთეს.
,,მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩართულები ვიქნებოდით ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე იმ პროექტების განხორციელების პროცესში, რომელსაც კომპანია ასრულებს. დღეს, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა სამუშაო შეხვედრა და გავიარეთ ყველა ის დეტალი, რაც პრობლემური იყო. ჩვენ, კომპანია GWP-ის მოვთხოვეთ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით და კიდევ უფრო მეტი პროექტებით გადაჭრან რუსთავის წყალმომარაგების პრობლემური საკითხები, რათა ქალაქის განვითარებას უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კომპანია GWP რუსთავში, წყლის სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით ახორციელებს.
,,განვიხილეთ რუსთავის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც სემეკმა გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას დამატებითი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაავალა, იმისთვის, რომ ქალაქში წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდეს, ავარიები იყოს ნაკლები და მოსახლეობა იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. გარკვეული შეფერხებები, რაც პროექტების განხორციელებისას არის ძირითადად შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებასთან არის დაკავშირებული, კომპანიის ინფორმაციით, გეგმა-გრაფიკს დაეწევიან და სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპით განხორციელდება. ასევე ვისაუბრეთ, მომდევნო წლის პროექტების დაგეგმვაზე, რასაც კომპანია მუნიციპალიტეტთან ერთობლივად ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შეათანხმებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომპანიის მიერ 2023 წლის ბოლომდე, რუსთავში განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა, 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.
,,სამუშაო შეხვედრა გვქონდა ქალაქ რუსთავი მერთან და სემეკის თავმჯდომარესთან, ვისაუბრეთ რუსთავისთვის აქტუალურ საკითხებზე, ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე და ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. განვიხილეთ ჩვენი კომპანიის მიმდინარე წლის საინტვესტიციო გეგმა და დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები 2024 წლის გეგმის შემუშავებაზე“ – განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.
შეხვედრას, რომელიც რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში გაიმართა, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებიც ესწრებოდნენ. მორიგი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, კი ოქტომბერში დაიგეგმა.